Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პრინციპი’


ამასწინათ თანამედროვეობის ორ დიდ მეცნიერს შორის იყო დავა იმის შესახებ თუ რა ემართებოდა მატერიას და იმ ინფორმაციას, რომელიც ამ მატერიას აღწერდა, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი შავი ხვრელის ე.წ. “მოვლენათა ჰორიზონტს” გადაკვეთდა და მის სიღრმეში შთაინთქმებოდა.

ფარდობითობის ზოგადი თეორია “მოვლენათა ჰორიზონტს” უწოდებს იმ ზღვარს, რომლის მიღმაც მომხდარი მოვლენები დამკვირვებლის თვალისთვის უხილავია და მასზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. სხვანაირად მას “the point of no return”-საც უწოდებენ. ანუ ამ ზღვარის გადაბიჯების შემდეგ, არაფერს არ შეუძლია უკან დაბრუნდეს, ან რაიმე სახით გადმოსცეს ინფორმაცია ზღვარს მიღმა მომხდარ მოვლენათა შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ორი მეცნიერი გახლავთ Stephen Hawking და Leonard Susskind. პირველს ყველა იცნობთ და წარდგენა არ ჭირდება, ხოლო მეორე გახლავთ სიმების თეორიის თანავტორი და თანამედროვეობის ერთერთი ბრწყინვალე გონება.

დავა რომელიც მათ შორის მიმდინარეობდა, უკავშირდებოდა ფიზიკის ერთერთ ძირითად კონცეფციას – ინფორმაციას.

ჰოკინგი ამბობდა რომ თუ კვანტური მექანიკა არ ცდება, შავ ხვრელს უნდა გააჩნდეს გამოსხივება (თუ როგორ წარმოიქმნება ეს გამოსხივება, ეს ცალკე საუბრის საგანია, თანაც საკმაოდ ვრცელი. სხვათაშორის მას Hawking Radiation ეწოდება), მაგრამ ეს გამოსხივება არანაირი გზით არ არის დაკავშირებული შავი ხვრელის მიერ გადაყლაპულ ობიექტებთან და ის არ წარმოადგენს ამ ობიექტების აღმწერ/ამსახველ ინფორმაციას.

ფაქტიურად ჰოკინგი ამბობდა რომ შავი ხვრელი ისე “მიირთმევს” ვარსკვლავებს საუზმეზე, რომ მათზე სამყაროში (at least in our universe) ინფორმაცია არ რჩება, თითქოს არც არსებობდნენ! სად მიდის ეს ინფორმაცია? კაცმა არ იცის! შეიძლება რომელიმე პარალელურ სამყაროში… ან თუ ეს ინფორმაცია სინათლის სხივის სახით არის კოდირებული, შეიძლება გრავიტაციის გამო სამუდამოდ შავ ხვრელშივე რჩება.

შავი ხვრელის ასეთ “ინფორმაციულ გაუმჭვირვალობას”‘ თავიდანვე არ დაეთანხმა სასკინდი. ის ამბობდა რომ თუ ჰოკინგი ზუსტად აღწერს მოვლენებს, მაშინ შავი ხვრელი ძალიან უხეშად არღვევს ინფორმაციის შენახვის კანონს, რომელიც სამყაროს ფუნდამენტური კანონია და მიუხედავად იმისა რომ შავი ხვრელი მართლაც არღვევს სამყაროს ზოგიერთი კანონის ტრადიციულ ინტერპრეტაციებს, ინფორმაციის ასე უგზო-უკვლოდ გაქრობა მეტისმეტი “კვანტური თავხედობა” იქნებოდა! 🙂

სასკინდმა, ჰოკინგის საპასუხოდ, შექმნა თეორია, რომელიც აზრობრივი ექსპერიმენტების საფუძველზე ჰოკინგის მოსაზრებებზე უფრო მყარი და მოვლენათა შინაარსის ასახსნელად უფრო მისაღები ჩანდა.

საკინდმა განაცხადა რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც შავი ხვრელის “მოვლენათა ჰორიზონტს” მიუახლოვდება, დამკვირვებლის თვალისთვის ამ ჰორიზონტს არ გადაკვეთს (თუმცა რეალურად ის გადაკვეთს და გამრუდებულ სივრცეში თვითონაც გამრუდდება (მოკლედ, თუ ცოცხალი ორგანიზმი გაუშვით ზღვარს მიღმა, მას მტანჯველი სიკვდილი ელის)) და ის მოვლენები რომლებიც ამ დროს ვითარდება ზღურბლთან ახლოს, შეიძლება ახსნილი იყოს სიმების თეორიით და კვანტური ფიზიკის კანონებით და ის გამოსახულებაც სწორედ ის ინფორმაციაა გადაყლაპულ ობიექტზე, რომელსაც ჰოკინგი შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგულად მიიჩნევდა.

ამ კანონების მიხედვით, თუ ამ მოვლენებს წარმოვიდგენთ და მათ ვიზუალიზაციას შევეცდებით, გარკვეულწილად ისინი ჰოლოგრაფიულ გამოსახულებად წარმოგვიდგებიან. რატომ ჰოლოგრაფიულ გამოსახულებად? იმიტომ რომ “მოვლენათა ჰორიზონტს” მიღმა თქვენ კი გაისტუმრეთ სამგანზომილებიანი ობიექტი, მაგრამ რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის ამ ობიექტის ორგანზომილებიანი ანარეკლი – ინფორმაცია…

ამ მოსაზრებების მიხედვით (და არამარტო ამ მოსაზრებების) სამყარო მხოლოდ მატერიით და ენერგიით კი არ არის წარმოდგენილი, არამედ ინფორმაციითაც და ის ორგანზომილებიანია… და თუ სამყაროს აქვს საზღვრები და როგორც კოსმოლოგები ამბობენ, სამყაროს აქვს საზღვრები და დროსთან ერთად ეს საზღვრებიც ფართოვდება,შესაძლებელია რომ ჩვენი სამყაროს საზღვრებზეც ეს ჰოლოგრაფიული გამოსახულებები აირეკლებიან… და თუ არსებობს ვინმე ვინც ჩვენს სამყაროს მისი საზღვრების მიღმიდან უყურებს, მაშინ ეს ჰოლოგრაფიული გამოსახულებები მას ჩვენს სამყაროში მომხდარ მოვლენებს აუწყებს… მოკლედ, თუ ინფორმაცია არ იკარგება და ის მართლაც ორგანზომილებიან ჰოლოგრაფიებად არის წარმოდგენილი, სამყაროს ზღვარზე, შეიძლება ყველაფერი “თვალნათლივ ეწეროს” – ცნობები რომელიმე შორეულ გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავის დაბადების შესახებ და ცნობები იმაზე თუ რას ფიქრობთ ახლა თქვენ : )

P.S. Leonard Susskind არ გახლავთ ჰოლოგრაჰიული პრინციპის ერთპიროვნული შემქმნელი. მან გამოიყენა სხვა მეცნიერების დაკვირვებები და მათი ანალიზის საფუძველზე მიუსადაგა სიმების თეორიის პრინციპები, რითაც მიიღო ის რაც ზემოთ მოგახსენეთ. რა თქმა უნდა ფიზიკის ენაზე ჰოლოგრაფიული პრინციპი გაცილებით რთულია ვიდრე ჩემი შელამაზებული მონათხრობი =)

P.P.S. თუ რაიმე ძალიან არასწორად გადმოვეცი და ბორი და აინშტაინი გავანაწყენე, მომიტევეთ და ფიზიკოსმა friend-ებმა შემისწორეთ! : )) 

P.P.P.S. ქვემოთ გახლავთ Leonard Susskind-ის ფოტო. სხვათაშორის ახალგაზრდობაში ლეონარდი, ჩვენებურად რომ ვთქვათ, “სან.ტექნიკოსად” მუშაობდა და მილების და ონკანების რემონტის დროს შავ ხვრელებზე ფიქრობდა… ასე რომ thousand credits to Mr. Susskind!

Leonard Susskind

Leonard Susskind

Read Full Post »